ალუდა ღუდუშაური: დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს
არახამიას ვუპასუხებდი, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, ქართველი ხალხი არის ამაყი, ძალიან დიდი ისტორიის მქონე ხალხი, მას ვურჩევდი, საქართველოს და ჩვენს ხელისუფლებას ვიდრე რაიმეს ურჩევს, მით უმეტეს ასეთ მტკიცებით ფორმაში და რაიმე ჭკუის დარიგებას დაგვიწყებს, ჯერ იქნებ ეს ქართულად გვითხრას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ომში მყოფ ქვეყანასთან მიმართებით პოზიცია მკაფიო აქვს.
„ჩვენ ვდგავართ უკრაინელ ხალხთან ერთად, ვუსურვებთ უკრაინას ბუნებრივია გამარჯვებას და დროულად ვუსურვებთ სტაბილურ მშვიდობას, ისეთი როგორიც არის მათ ინტერესებში, თუმცა არახამია ვერ და არ წარმოადგენს უკრაინელ ხალხს და უკრაინას მთლიანად. მისი ცალკეული შეფასებები და სუბიექტური მოსაზრებები არის ცნობილი ყველასთვის. აქედან გამომდინარე, დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „მთელ მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის, კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა“.