გივი მიქანაძე: ოპოზიციის მცდელობა, რომ სრულიად უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ მოერგოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ბიძინა ივანიშვილზე, ჩაიშალა
ოპოზიციის მცდელობა, რომ სრულიად უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ მოერგოთ ბიძინა ივანიშვილზე, ჩაიშალა იმიტომ, რომ საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამაც კი თქვა, რომ კანონი პერსონიფიცირებული ვერ იქნება, – ამის შესახებ „ქრონიკის“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ძალიან რთულია საკითხის ირგვლივ რაღაც პოზიციის გამოხატვა, როდესაც ეს სხვის აზრს ეხება და არ იცი, იმ ჩანაწერის უკან მათ რა კონკრეტული მოსაზრება ჰქონდათ, თუმცა, რეალურად, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ცალკე კანონად აღებული დოკუმენტი და რა ზეგავლენას მოახდენდა კონკრეტულ სიტუაციაზე. ოპოზიცია რატომ სპეკულირებს ახლა? მათ დაინახეს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნით, ოპოზიციის რიგებში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხვდებიან იმ კატეგორიაში, რაც ამ კანონპროექტში არის ასახული. მათი მცდელობა, რომ სრულიად უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ მოერგოთ ბიძინა ივანიშვილზე, ჩაეშალათ, იმიტომ რომ საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამაც კი თქვა, რომ კანონი პერსონიფიცირებული ვერ იქნება. ანალოგიური კრიტერიუმები იყო განსაზღვრული უკრაინაში, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა. ამ კრიტერიუმებთან მიმართებით, თუკი ვინმეზეა საუბარი, პირველ რიგში ეს არის დავით კეზერაშვილი, და არ გამოვრიცხავ რომ მამუკა ხაზარაძე ან სხვები მოხვდნენ ამ კატეგორიაში. ეს დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა, დიდ ყურადღებას ვანიჭებთ ვენეციის კომისიის დასკვნას. ევროკავშირიც უყურებს, რას წერს ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია კანონპროექტის შესახებ. შესაბამისად, მზად ვართ, რომ ეს კანონპროექტი ვაქციოთ კანონად, თუმცა შესაბამისი დათქმებით – თუ ევროკავშირი იტყვის, რომ აღარ ხედავენ იმის საჭიროებას, რომ ეს დოკუმენტი მიღებული იყოს, ამისთვისაც მზად ვართ“, – აცხადებს მიქანაძე.