ირაკლი კობახიძე: როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია ითხოვს, ერთი მხრივ, სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებას და, მეორე მხრივ, ივანიშვილის დასჯას, ბუნებრივია ჩვენთვის ასეთ რეზოლუციებს ფასი ვერ ექნება
“როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია ითხოვს, ერთი მხრივ, ორი კრიმინალის, სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებას და, მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის დასჯას, ბუნებრივია, ჩვენთვის ასეთ რეზოლუციებს ფასი ვერ ექნება”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციები მათთვის განმსაზღვრელი არ არის.
“მარინა კალიურანდმა გვითხრას კონკრეტული მაგალითი, სადაც რაიმე უნდა გაკეთებულიყო და არ გავაკეთეთ. მაგალითად საარჩევნო რეფორმა, რა უნდა გაკეთებულიყო, რაც არ გავაკეთეთ. ვერ გვეტყვის ქალბატონი მარინა. ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები თვითონ გვეუბნებიან ჩვენ, რომ მაინცდამაინც ყურადღებამისაქცევი არ არის ევროპარლამენტის რეზოლუციები იმიტომ, რომ ხშირად ხდება პარლამენტში ასეთი ტიპის რეზოლუციების მიღება, რომელიც არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განმსაზღვრელი არ არის ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომელსაც ჩვენთვის აქვს ჩალის ფასი ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისინი არ ეფუძნება კონკრეტულ გარემოებებს და სრულიად უსამართლოა. როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია ითხოვს ერთი მხრივ, ორი კრიმინალის, სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებას და, მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის დასჯას, ბუნებრივია ჩვენთვის ასეთ რეზოლუციებს ფასი ვერ ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.