მარინა კალიურანდი: საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის საერთო პასუხისმგებლობაა, გვერდზე გადადონ განსხვავებები და თავიანთი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად იმუშაონ

საქართველოს მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციური პარტიების საერთო პასუხისმგებლობაა, გვერდზე გადადონ განსხვავებები და ჭეშმარიტად იმუშაონ თავიანთი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად, – ამის შესახებ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელის, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ის ევროკავშირ-საქართველოს ასოციაციის კომიტეტის მე-12 შეხვედრაზე საუბრობს, რომელიც გასულ კვირას ბრიუსელში გაიმართა.

“მე და ჩემმა ევროპარლამენტარმა კოლეგებმა ხაზი გავუსვით რეკომენდაციების განხორციელების აუცილებლობას როგორც პრაქტიკაში, ასევე, მისი სულისკვეთების დაცვას. ზოგიერთ შემთხვევაში, პროგრესი ზედაპირული ჩანს და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის მხრიდან აღიქმება გულწრფელი სურვილის ნაკლებობა, ჭეშმარიტად ჩართოს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამავდროულად, მოვუწოდეთ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ დეპოლარიზაციაში და კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა საკანონმდებლო მუშაობაში”, – აცხადებს კალიურანდი.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის წევრები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ ქართულ საზოგადოებაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს.

„შესაძლებლობის ამ ფანჯრის ხელიდან გაშვება არ უნდა მოხდეს. საქართველოს მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციური პარტიების საერთო პასუხისმგებლობაა, გვერდზე გადადონ განსხვავებები და ჭეშმარიტად იმუშაონ თავიანთი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები