დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტი და ოპოზიციური ძალები ცდილობენ, საკუთარი მოსაზრება შეასაღონ საზოგადოებას იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს სურთ
პრეზიდენტი და ოპოზიციური ძალები ცდილობენ, საკუთარი მოსაზრება შეასაღონ საზოგადოებას იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს სურთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას მოენატრა ის დრო, როცა ეროვნული ბანკის დირექტორი ისე იქცეოდა, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა, მაგრამ სახელისუფლებო გუნდი არავის მისცემს უფლებას, ჩაერიოს ეროვნული ბანკის და სხვა კონსტიტუციური ორგანოს დამოუკიდებლობაში.
„საქართველოს პარლამენტში დღეს აქტიურად განიხილებოდა პრეზიდენტის ვეტოს საკითხი. რა თქმა უნდა, ვეტოს ჩვენ დავძლევთ, მხარს არ დავუჭერთ იმ შენიშვნებს, რომლებიც თან ახლავს კანონპროექტს. საზოგადოებას რომ შევახსენოთ, ამ პროცესს ჰქვია მოტივირებული შენიშვნები და თქვენ რომ ნახოთ შენიშვნები, რომლებიც პრეზიდენტმა გამოაგზავნა, იქ მოტივირების ნიშან-კვალსაც ვერ ნახავთ, რადგან აბსოლუტურად აცდენილია ყოველგვარ მოტივაციას. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ერთადერთი თემა, რაზეც პრეზიდენტი უმრავლესობას არ ეთანხმება, არის პირველი ვიცეპრეზიდენტის პოსტის შემოღება, რომელიც აუცილებელია ეროვნული ბანკის ფუნქციონირებისთვის და შემდგომი გამართული ნაბიჯების გადადგმისთვის. სრულიად გაუგებარია, რა არ მოეწონა პრეზიდენტს ამ კუთხით და რატომ გადაწყვიტა, რომ როდესაც არის ვიცე-პრეზიდენტების კონკრეტული რაოდენობა რატომ არ შეიძლება ერთი იყო პირველი, რომელიც კონკრეტულად შეასრულებს პრეზიდენტის უფლება- მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში და ამით ბევრად მოწესრიგდება ეროვნული ბანკის მდგომარეობა, ვიდრე დღეს არის“,- განაცხადა მათიკაშვილმა.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებზე, რომ უმრავლესობას ამ კანონის შემოღება ეროვნული ბანკის სრულად კონტროლისთვის უნდა.
„ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც პრეზიდენტის და ვერც ოპოზიციური ძალების არგუმენტები, რადგან ეს არ არის არგუმენტები, ეს არის მცდელობა საკუთარი მოსაზრება შეასაღონ საზოგადოებას იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს სურთ. ოპოზიციურ ძალებს, ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც კონსტიტუციური ინსტიტუტების ფუნქციონირებას ეხება, ყველგან სურთ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს სახელისუფლებო გუნდი ცდილობს იმაზე მეტად აკონტროლონ ესა თუ ის ინსტიტუცია, ვიდრე ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. ეს ყოველივე ტყუილია. ეროვნულ ბანკს არანაირი კონტროლი არ სჭირდება. ის არის კონსტიტუციური ორგანო, რომლის ფუნქციონირებაც ეროვნული კონსტიტუციითა და ბანკის შესახებ კანონით არის განსაზღვრული და ყველა ნაბიჯი იზომება, იწონება და ისე იდგმება, რამეთუ ეროვნული ბანკი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და მისი გაკონტროლების მცდელობაც კი არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ პირდაპირ შემიძლია ოპოზიციას ვუთხრა, რომ მათ მოენატრათ ის დრო, როცა მაგალითად, ქადაგიძე, ეროვნული ბანკის „ნაციონალი “პრეზიდენტი ისე იქცეოდა, როგორც „ნაციონალებს“ უნდოდათ და ამით ქვეყანას პირდაპირ აზიანებდა. ეს მოენატრა ოპოზიციას, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ჩაერიოს ეროვნული ბანკის და სხვა კონსტიტუციური ორგანოს დამოუკიდებლობაში“,- აღნიშნა მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში.
ცნობისთვის, პარლამენტში, პრეზიდენტის ვეტოზე კენჭისყრა მიმდინარე სასესიო კვირას გაიმართება. მანამდე ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნები საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს.