პაველ ჰერჩინსკი: პრემიერს დღეს საღამოს შევხვდებით

„შემიძლია, დავადასტურო, რომ დღეს საღამოს შევხვდებით საქართველოს პრემიერმინისტრს. ამას მისი მოწვევით ვაკეთებთ, ეს ინიციატივა პრემიერმინისტრს ეკუთვნის, თუმცა, ჩვენ ერთმანეთს რეგულარულად ვხვდებით”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰერჩინსკის ინფორმაციით, მიწვევა საქართველოში მყოფმა ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩმა მიიღო.

“ჩემი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერმინისტრს შორის, ასევე, მთავრობას, ყველა მინისტრს შორის ინფორმაციის მიმოცვლა იყოს რაც შეიძლება ინტენსიური, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საკვანძო მომენტში ვიმყოფებით, რა დროსაც ევროკომისია ოქტომბერში გამოაქვეყნებს გაფართოების შესახებ ანგარიშს და ამის შემდეგ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს გადაწყვეტილებას მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.

ჩვენ მიგვიწვია პრემიერ-მინისტრმა. რამდენადაც ვიცი, ეს მიწვევა მიიღო საქართველოში მყოფმა ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩმა, ისევე როგორც იმ ელჩებმა, რომლებიც სხვა რეგიონებიდან მუშაობენ საქართველოში. არ ვიცი, რამდენი კოლეგა დაესწრება შეხვედრას. ვიმედოვნებ, რომ ყველა მათგანი იქ იქნება. რამდენადაც ინიციატივა პრემიერმინისტრის ოფისიდან მოდის, ვნახოთ, როგორ წარმართავენ მას, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ რეგულარულად ვხვდებით და ვსაუბრობთ ღიად, გულწრფელად როდესაც საქმე ეხება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს. შეხვედრა დღეს საღამოს გაიმართება. ჩვენ გვაქვს ძალიან ღია და გულწრფელი დისკუსიები საქართველოს მთავრობასთან, მათ შორის პრემიერმინისტრთან და ამ დისკუსიების დროს განვიხილავთ ყველა საკითხს, რაც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს ეხება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები