ალუდა ღუდუშაური: ჯაფარიძის ასაყირავებელი ქვეყანა არ გვაქვს
“თუ ჯაფარიძის როლი ადრე იყო ჩვენი ქვეყნის შემოგარენში შარვალჩახდილს ერბინა, დღეს აქვს როლი, რევოლუციური სცენარებით რაიმეს მიაღწიონ. ჯაფარიძის ასაყირავებელი ქვეყანა არ გვაქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისივე თქმით, საქართველო, ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმას, რომ მოვლენები დესტაბილიზაციით განვითარდეს.
„რადიკალურ ოპოზიციაში როლები განაწილებულია. ვიღაცას კომიკოსის როლი აქვს, ვიღაცას ანტურაჟის. როგორც ჩანს, ზურა გირჩი ჯაფარიძეს ადრე თუ ის როლი ჰქონდა, რომ შარვალჩახდილს და უკანალმიშვერილს ერბინა ჩვენი ქვეყნის შემოგარენში და თითქოსდა ამით დაემუნათებინა ოკუპანტები, დღეს აქვს როლი, რომ რადიკალური რევოლუციური სცენარებით რაიმე შედეგს მიაღწიონ. მინდა ყველას ვუთხრა, ცხელი თავები გაანიავონ, რეალობას შეხედონ, არც ზურა გირჩი ჯაფარიძის რევოლუციის და ასაყირავებელი ქვეყანა არ გვაქვს და არც ნებისმიერი პირის. ჩვენი ქვეყანა, საქართველო, ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმას, რომ დესტაბილიზაციით განვითარდეს მოვლენები. თუ პრეტენზია აქვთ, რომ პოლიტიკოსები არიან ან არ ვიცი, როგორ წარმოუდგენია – ჩეგევარაა თუ ვინ არის ზურა გირჩი ჯაფარიძე? არჩევნები რომ ჩატარდება, დადგეს და გაზომოს მისი პოლიტიკური მომავალი. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გამოუტანს განაჩენს და მან კარგად იცის, არანაირი შანსი, რომ 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, არ აქვს”, – განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, “გირჩი-მეტი თავისუფლებას” ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ვარაუდით, ალბათობა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, დაბალია.