მამუკა მდინარაძე – „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საკანონმდებლო ინიციატივაზე: გაასაჯაროონ რა დავალებებს იღებენ, რას აფინანსებენ, რაში ხარჯავენ მილიონობით დოლარის გრანტებს 

“გაასაჯაროონ რა დავალებებს იღებენ, რას აფინანსებენ, რა ტრენინგებს აფინანსებენ, რაში ხარჯავენ მილიონობით დოლარის გრანტებს და მხარს დავუჭერ მათ კანონპროექტს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ორგანიზაცია ფინანსების გასაჯაროებას ვერ გაბედავს.

„ისინი ვერ გაბედავენ საკუთარი ფინანსების გასაჯაროებას. რამდენი მილიონი, რა მიმართულებით წავიდა, ვინ დააფინანსეს, რა ტრენინგში ჩადეს და რას ემსახურებოდა ეს ტრენინგი, ამას ისინი ვერ გაასაჯაროებენ. კიდევ ერთხელ ვთავაზობთ, თუ ერთი პროცენტია იმის შანსი, რომ შესწევთ ძალა იმის, რომ შემოგვთავაზონ თავიანთი ფინანსები გამჭვირვალობა, დიდი სიამოვნებით ვიქნები მოწოდების ავანგარდში ჩემი თანაგუნდელების მიმართ, რომ მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივას, თუ გნებავთ კიდევ უფრო გავამკაცროთ. ხომ ეძახდნენ გუშინ გამჭვირვალობის პრინციპს, რუსულ პრინციპს და რუსულ კანონს, ახლა მათი კანონი რატომ არ არის რუსული, როცა ისევ გამჭვირვალობაზეა საუბარი. ანუ ენჯეოს გამჭვირვალობა რუსული ინტერესია და ხელისუფლების გამჭვირვალობაა ქართული ინტერესი? არა – ქართული ინტერესია, დასავლური ინტერესია, რომ ყველას გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. გაასაჯაროონ რა დავალებებს იღებენ, რას აფინანსებენ, რა ტრენინგებს აფინანსებენ, რაში ხარჯავენ მილიონობით დოლარის გრანტებს და მხარს დავუჭერ მათ კანონპროექტს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო წინადადება “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის, როგორც მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმის, გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები