ირაკლი კობახიძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის“ გამჭვირვალობა მიუღებელია, ამ ორგანიზაციას უნდა ერქვას „ნაციონალური ბუნდოვანება“

“რასაც თვითონ ცოტა ხნის წინ გაურბოდნენ, ახლა იმას ითხოვენ საჯარო მოსამსახურეებისგან. ეს არის ორმაგი სტანდარტი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მათ რუსულ კანონპროექტს მმართველი გუნდის მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება.

„„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დააინიცირა რუსული კანონი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო მოხელეების გამჭვირვალობის სტანდარტის ამაღლებას. გახსოვთ, რომ თავის დროზე იყო პარლამენტში დაინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა „ენჯეობის“ გამჭვირვალობას, მათ უნდა გამოექვეყნებინათ მხოლოდ და მხოლოდ წლიური ფინანსური დეკლარაციები და ამას უწოდეს რუსული კანონი. რასაც თვითონ ცოტა ხნის წინ გაურბოდნენ, ახლა იმას ითხოვენ საჯარო მოსამსახურეებისგან. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რა თქმა უნდა მათ რუსულ კანონს ვერ ექნება ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა. საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის გამჭვირვალობა არის მიუღებელი. ამ ორგანიზაციას სინამდვილეში უნდა ერქვას არა საერთაშორისო გამჭვირვალობა, არამედ ნაციონალური ბუნდოვანება, იმის საპირისპიროა, რაც მის სათაურშია გამოხატული“, – აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო წინადადება “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის, როგორც მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმის, გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები