ირაკლი კობახიძე: გუშინ საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც მართლა ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული, პირველ რიგში, პოლიტიკურ ორიენტაციას ვგულისხმობ – არ მინდა სხვის ინტიმურ სფეროში შევიჭრა

“გუშინ საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც მართლა ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული, პირველ რიგში, პოლიტიკურ ორიენტაციას ვგულისხმობ”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება კითხვას, ეხება თუ არა ეს განცხადება სექსუალურ ორიენტაციას, კობახიძემ განმარტა, რომ სხვის ინტიმურ სფეროში ვერ შეიჭრება.

„აქ საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც მართლა ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული. ყველანაირ ორიენტაციაში, პირველ რიგში, პოლიტიკურ ორიენტაციას ვგულისხმობ, თუმცა, არამარტო, სხვა ტიპის ორიენტაციაც იგულისხმება. მათ აქვთ პირველ რიგში, პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა, თუმცა, ეს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა სხვა ორიენტაციასთან არის პირდაპირ დაკავშირებული. ერთ რამ მინდა ასევე ვთქვა, ცდილობენ, რომ ეს ახალგაზრდები რაღაცნაირად ზოგადად, გააიგივონ ჩვენს ახალგაზრდობასთან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ღირსეული, გამორჩეული ახალგაზრდობა და ამ კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდების დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი და ეს არის დაუშვებელი. ეს ახალგაზრდები, კონკრეტული ადამიანები, ვისაც ორიენტაცია აქვთ არეული, არ არიან ჩვენი ჯანსაღი, ღირსეული ახალგაზრდების წევრები.

არ მინდა სხვის ინტიმურ სფეროში შევიჭრა და აქედან გამომდინარე, ასეთ რაღაცებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ – ეს ადამიანები არიან ზოგადად არეული საკუთარ ამბებში, პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის ამბებში, თუმცა, ისინიც არიან ჩვენი მოქალაქეები, რა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდების გაიგივება ჩვენს ახალგაზრდობასთან პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის მიუღებელი არის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ ახალგაზრდებზეც, რომლებსაც არეული აქვთ, მათ შორის პოლიტიკური ორიენტაცია. ადამიანი როცა არის „გირჩელი” „ნაცი“ და ა.შ. მას გადარჩენა სჭირდება და ჩვენ ნებისმიერ ასეთ მოქალაქეზე უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ასეთი ახალგაზრდების გადარჩენაზეც“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაცია უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები