“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება და ქვეყანა თავიდან ბოლომდე მზად იქნება, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტნიორები ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმირებული არიან.
“იმედი გვაქვს, ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, სამართლიანი იქნება. სამწუხაროდ, შარშან ევროპული საბჭოს მხრიდან ჩვენი საზოგადოებისთვის გულდასაწყვეტი გადაწყვეტილება იყო მიღებული. იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ჩვენ ყველა თემასთან გვაქვს მყარი პოზიციები. ივნისის ბოლომდე სრულდება მუშაობა თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პოლარიზაცია არის პრობლემური პუნქტი, პოლარიზაცია რეფორმებით ვერ დასრულდება, პოლარიზაციას ოპოზიციაში რადიკალიზმის შემცირება სჭირდება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება. რაც შეეხება იმ პუნქტებს, რაზეც ჩვენ პასუხისმგებლობა გვეკისრება, ეს არის რეფორმები, თანამდებობის პირთა არჩევა, ჩვენ ყველა შესაბამისი პუნქტი სათანადოდ შევასრულეთ ან ივნისის ბოლომდე შევასრულებთ. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მუდმივად ვუზიარებთ ინფორმაციას რეფორმების განხორციელების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პირნათელი ვართ რეფორმების განხორციელების კუთხით. ჩვენი პარტნიორების ფართო ინფორმირება არის ჩვენი პასუხისმგებლობა და მას ვასრულებთ“, – განაცხადა კობახიძემ.