ყველანაირად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მივიღოთ – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია დეკემბერში ყველანაირად მზად იქნება იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მივიღოს.

„არის 12 პუნქტი და რეფორმები ხორციელდება. ივნისის ბოლომდე აბსოლუტურად ყველა პუნქტი შესრულდება. ეს ჩვენი გეგმაა, რომელიც ქართულ საზოგადოებას დაახლოებით 1 წლის წინ წარვუდგინეთ. ვთქვით, რომ ამ თვის ბოლომდე, ივნისის ბოლომდე, ყველა პუნქტი აუცილებლად შესრულებული იქნებოდა. ჩვენს დაპირებას ქართული საზოგადოებისა და ევროკომისიის წინაშე პირნათლად ვასრულებთ. ამ თვის ბოლომდე ყველა პუნქტი პირნათლად შესრულებული იქნება.

რა თქმა უნდა, ვადა არსებობს. ეს ვადა საკუთარ თავს ჩვენით დავუდგინეთ, იმისათვის, რომ დეკემბერში საბაბიც კი არ დავტოვოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმოსაცემად.

ყველამ იცის, რომ კანდიდატის სტატუსი შარშან ივნისიც გვეკუთვნოდა, რაც ევროკომისიამაც დაადასტურა. ჩვენ ყველანაირად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, თუმცა ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება. როდესაც გადაწყვეტილება პოლიტიკურია, შანსები ყოველთვის 50/50-ზეა. პოლიტიკური კონტექსტი შარშანდელი ივნისის შემდეგ არსებითად არ შეცვლილა, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ სტატუსს მივიღებთ. უნდა დაველოდოთ დეკემბრის გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, რომ ამჯერად, წინა წლისგან განსხვავებით, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები