„ნაციონალური მოძრაობა“ რატომ გააბრაზა ჩემმა განცხადებამ, ვერ გავიგე, მზად ვარ, ვესაუბრო ყველას” – ხატია დეკანოიძე
„ვერ გავიგე, რატომ გააბრაზა ჩემმა განცხადებამ „ნაციონალური მოძრაობა“. წარმატების მთავარი ფორმულაა, ვინ წამოიყვანს გადაუწყვეტელ ამომრჩეველს. ასეთია 61 პროცენტი და ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს რწმენა პოლიტიკურ პარტიებში”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„ზოგადად, პოლიტიკური კლასის რწმენა არის ძალიან დაცემული, რაც ასევე პრობლემური საკითხია. პირადად მე არ მქონია კონსულტაცია, თუმცა ვფიქრობ, ყველა ადამიანს უნდა ვესაუბროთ. ჩემი წარმოდგენით, შეიძლება, შეიქმნას ერთი ცენტრი, მეორე პოლიტიკური ცენტრი, რაც გულისხმობს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი წამოვიდეს ამ პოლიტიკური ცენტრების გარშემო.
ვერ გეტყვით, ეს როგორი იქნება, ვინ როგორ დაჯგუფდება, მაგრამ, ზოგადად, გაერთიანებას წინ უძღვის ძალიან სერიოზული მუშაობა და კონსულტაცია, რაც, თავის მხრივ, ოპოზიციას მოუწევს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მზად ვარ, ვესაუბრო ყველას, იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში „ქართული ოცნების“ პროპაგანდის დამარცხება აინტერესებთ. შემიძლია, ვითანამშრომლო ყველასთან, ვინც პროპაგანდის წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს წარმოადგენს.
რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, გაერთიანებებს, რა თქმა უნდა, მე წამოვედი „ნაციონალური მოძრაობიდან“. ჩემი მოსაზრებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გავაკეთოთ ყველაფერი. ჩვენ თუ გვინდა კოორდინაცია, ერთობა, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა, ამას წინ უნდა უძღოდეს ძალიან სერიოზული სამუშაოები. კონტრპროდუქტიულია ნებისმიერი საჯარო განცხადება, რომელსაც შემდეგ მოჰყვება დაპირისპირება, დაყოფა, კინკლაობა, ლანძღვა, გინება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.