“ნაცმოძრაობამ” უნდა გააგრძელოს ბრძოლა დამოუკიდებლად და პროევროპული სხვა პარტიები უნდა შევეცადოთ, შევქმნათ ისეთი ერთობა, რომელიც შეძლებს, გაარღვიოს ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი” – ბადრი ჯაფარიძე
ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი უნდა შეიცვალოს, აქედან გამომდინარე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააგრძელოს ბრძოლა თავისი ელექტორატისთვის ცალკე დამოუკიდებლად და პროევროპული სხვა პარტიები უნდა შევეცადოთ შევქმნათ ისეთი ერთობა, რომელიც შეძლებს გაარღვიოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ერთობის შექმნა არ გულისხმობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და, ასევე, იმ პარტიებთან თანამშრომლობას, რომლებსაც ასეთ ერთობაში მონაწილეობა არ სურთ.
„დანარჩენ ყველა შესაძლო პარტნიორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ან დაიწყება მოლაპარაკება. ეს არის ძალიან დელიკატური პროცესი, შესაბამისად, წინასწარ საუბარი იმაზე, თუ როდის მოხდება ასეთი ერთობის შექმნა, ვისთან ერთად განხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი იქნება.
„ლელოს“ გეგმები არის ძალიან ამბიციური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა „ლელო“ არის სწორედ იმ ზრდის ეტაპზე, როცა ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. ვხედავთ საზოგადოებიდან დიდ მხარდაჭერას, მოლოდინებს და ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ გავაათმაგოთ ჩვენი ძალისხმევა ყველგან, სადაც „ლელო“ არის წარმოდგენილი,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.