პოტენციურად ძლიერი „ელ-ნინიო-ს“ კლიმატური მოვლენა დაიწყო – როგორ შეიძლება, ამან იმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაზე?

თბილი წყლის უზარმაზარი ნაკადი  ნელ-ნელა მიედინება ტროპიკულ წყნარ ოკეანეში სამხრეთ ამერიკისკენ. წყლისა და სითბოს ამ მოძრაობამ გამოიწვია კლიმატის ფენომენის გაჩენა, რაც გამოიწვევს ამინდის მკვეთრ ცვლილებებს მთელს მსოფლიოში უახლოეს თვეებში. ეს მოვლენა ცნობილია, როგორც  ელ-ნინიო. მან დედამიწას, რომელიც უკვე ისედაც თბება კლიმატის ცვლილების გამო, კიდევ უფრო მეტი სითბო შემატა.

ამერიკელი მეცნიერები ადასტურებენ, რომ ელ-ნინიო უკვე დაიწყო. ექსპერტები ამბობენ, რომ 2024 წელი დიდი ალბათობით ყველაზე ცხელი იქნება მთელ მსოფლიოში. ისინი შიშობენ, რომ დათბობის საკვანძო ცვლილება 1.5 გრადუს გადააჭარბებს არსებულ ნორმას.

ეს ასევე იმოქმედებს მსოფლიო ამინდზე, პოტენციურად ავსტრალიას მოუტანს გვალვას, უფრო მეტი წვიმა იქნება აშშ-ის სამხრეთით და შემცირდება წვიმის სეზონი ინდოეთში.

ეს მოვლენა დიდი ალბათობით მომდევნო წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცვლილებები შემცირდება.

რამდენიმე თვის განმავლობაში მკვლევრები სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდნენ, რომ ელ-ნინიოს ფენომენი წყნარ ოკეანეში მიმდინარე წელს უნდა დაწყებულიყო.

„ახლა ის იზრდება, რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენს პროგნოზებში ამის ნიშნები იყო, მაგრამ რეალურად, როგორც ჩანს, ის პიკს თავისი ინტენსივობის თვალსაზრისით ამ წლის ბოლოს მიაღწევს“, – თქვა ადამ სკეიფმა, გრძელვადიანი პროგნოზირების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა დიდი ბრიტანეთიდან. 

„მომავალ წელს გლობალური ტემპერატურის ახალი რეკორდი ნამდვილად სავარაუდოა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი აღმოჩნდება ელ-ნინიო – ამ წლის ბოლოს დიდი ელ-ნინიო გვაძლევს კარგ შანსს, გვქონდეს ახალი გლობალური ტემპერატურის რეკორდი 2024 წელს“.

ეს ბუნებრივი მოვლენა წარმოადგენს კლიმატის სისტემის ყველაზე ძლიერ რხევას დედამიწის ნებისმიერ წერტილში. ელ-ნინიო სამხრეთ რხევას აქვს სამი განსხვავებული ფაზა: ცხელი, ცივი და ნეიტრალური.

ცხელი ფაზა, სახელწოდებით ელ-ნინიო, ხდება ყოველ ორ-შვიდ წელიწადში ერთხელ, როდესაც თბილი წყლები ჩნდება სამხრეთ ამერიკის სანაპიროზე და ვრცელდება ოკეანეზე ატმოსფეროში მნიშვნელოვანი სითბოს გამოყოფით.

რეკორდული თბილი წლები, მათ შორის, 2016 წელი ყველაზე ცხელი წელი მსოფლიოში, როგორც წესი, ელ-ნინიოს ძლიერი მოვლენიდან ერთი წლის შემდეგ ხდება.

მეტეოროლოგიური სააგენტოები მთელს მსოფლიოში იყენებენ სხვადასხვა კრიტერიუმს, რათა დაადგინონ, როდის მოხდება ეს ცხელი ფაზა.

აშშ-ის მეცნიერების განმარტებით, ოკეანე ჩვეულებრივზე 0,5°C-ით უფრო ცხელი უნდა იყოს ერთი თვის განმავლობაში ატმოსფეროზე რეაგირებისთვის და უნდა არსებობდეს მტკიცებულება, რომ ეს ფენომენი გრძელდება.

ეს პირობები დაკმაყოფილდა მიმდინარე წლის მაისის თვეში. აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) განცხადებაში ნათქვამია, რომ „ელ-ნინიოს პირობები არსებობს“.

„ეს არის ძალიან სუსტი სიგნალი. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ვიწყებთ ამ პირობების დანახვას და რომ ისინი გააგრძელებენ გაძლიერებას“, – თქვა მიშელ ლ’ჰერომ, NOAA-ს მეცნიერმა და განმარტა: „ჩვენი კვირეული ნიშნული გასულ კვირას რეალურად იყო 0,8C, რაც კიდევ უფრო ძლიერია.“

გამოცდილებიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ, ეს მოსალოდნელი ამინდის ცვლილება გამოიწვევს დიდ ადამიანურ და ეკონომიკურ დანაკარგს.

1997-1998 წლებში ელ-ნინიო 5 ტრილიონ დოლარზე მეტი დაჯდა და ქარიშხლებსა და წყალდიდობებს 23000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე, არსებობს დიდი ალბათობა, რომ წლევანდელი მოვლენები გაცილებით მასშტაბური იქნება, ვიდრე ეს 2016 წელს მოხდა მთელს მსოფლიოში. გლობალური ტემპერატურა ამჟამად დაახლოებით 1.1°C-ით მაღლა დგას საშუალოზე.

მაგრამ ელ-ნინიოს მოვლენამ შეიძლება, ასწიოს ეს მაჩვენებელი 0,2°C-ით, რაც სამყაროს შეუსწავლელ ტემპერატურულ ცვლილებებამდე მიიყვანს. მკვლევრებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ამ „ლიმიტის“ დროებითი გადამეტება სავარაუდოდ მომდევნო რამდენიმე წელიწადში მოხდება.

„სინამდვილეში, ჩვენ სავარაუდოდ დავინახავთ გლობალურ საშუალო ტემპერატურას, რომელიც შეიძლება, უფრო რეგულარული გახდეს ხუთიდან ათ წელიწადში“, –  განაცხადა მიშელ ლ’ჰერომ.

დარტმუთის კოლეჯის მკვლევართა ბოლო კვლევა ამტკიცებს, რომ 2023 წელს დაწყებული ელ-ნინიო შეიძლება, გლობალურ ეკონომიკას $3.4 ტრილიონამდე დაუჯდეს (2.7 ტრილიონი ფუნტი). მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ისინი ამბობენ, რომ ელ-ნინიოს ორი წინა ძალიან ძლიერი მოვლენის შემდეგ 1982-83 და 1997-98 წლებში, აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი ნახევარი საუკუნის შემდეგ 3%-ით დაბალი იყო, ვიდრე სხვაგვარად იქნებოდა. თუ ამ მასშტაბის მოვლენა დღეს მოხდებოდა, ეს აშშ-ის ეკონომიკას 699 მილიარდი დოლარი (565 მილიარდი ფუნტი) დაუჯდებოდა.

ისინი ამ საუკუნეში 84 ტრილიონი დოლარის გლობალურ ეკონომიკურ ზარალს პროგნოზირებენ (68 ტრილიონი ფუნტი), რადგან კლიმატის ცვლილება ზრდის ელ-ნინიოს მოვლენების სიხშირეს და სიძლიერეს.

„ელ ნინიო არ არის მხოლოდ შოკი, რომლის მერე ეკონომიკა მაშინვე აღდგება. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ეკონომიკური პროდუქტიულობა ელ-ნინიოს შემდეგ მცირდება ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე მოვლენიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ“, – ამბობს ჯასტინ მანკინი, მკვლევარი და გეოგრაფიის ასისტენტ პროფესორი დარტმუთის კოლეჯში.

მაგრამ ელ-ნინიოს მიერ გამოწვეული ამინდის ცვლილებები სხვა პრობლემებსაც იწვევს. ინფექციური დაავადებები შესაძლოა, უფრო გავრცელდეს იმ ადგილებში, სადაც ხელსაყრელი პირობებია მწერებისა და სხვა მავნებლებისთვის, რომლებიც ავრცელებენ მათ. 2015-2016 წლებში ელ-ნინიოს მოვლენის ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ დაავადების გავრცელება 2,5-28%-ით უფრო ინტენსიური გახდა. კალიფორნიაში გაიზარდა კოღოებით დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების შემთხვევები, ხოლო ჰანტავირუსის ფილტვის სინდრომის გავრცელება, რომელიც ძირითადად მღრღნელებით ვრცელდება, ასევე გაიზარდაა რიზონაში, კოლორადოში, იუტასა და ტეხასში. შეერთებული შტატების დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ შტატებში ადამიანებში ჭირის შემთხვევების ზრდაც კი დაფიქსირდა – თუმცა, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები