გია ვოლსკი მარინა კალიურანდზე: კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ევროკომისიის მიერ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, და არა ასეთი სუბიექტური, ხშირ შემთხვევაში პიროვნული მიდგომებით
ევროპარლამენტს აქვს გარკვეული რესურსი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ევროკომისიის მიერ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, და არა ასეთი სუბიექტური, ხშირ შემთხვევაში პიროვნული მიდგომებით, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„მარინა კალიურანდთან, ევროპარლამენტში ამ თემების გარჩევა აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის ხელმძღვანელობა, ან ის დელეგაციები, რომლებთანაც საქმიანი პოლიტიკური მაგიდის გარშემო იჯდა პრემიერ-მინისტრი, ასე ფიქრობენ. ესენი განაპირობებენ გადაწყვეტილებას და არა ევროპარლამენტი. ვერც იმას ვიტყვი, რომ ევროპარლამენტს სიტყვა არ გააჩნია. მას აქვს გარკვეული რესურსი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ევროკომისიის მიერ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, და არა ასეთი სუბიექტური, ხშირ შემთხვევაში პიროვნული მიდგომებით“, – აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა: „როდესაც ვამბობთ, რომ არის ანტიდასავლური რიტორიკა, ეს ციდან არ მოგვაქვს, ჩემი რჩევა იქნებოდა, სხვებს ნუ დაადანაშაულებთ, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთ“.