„ჩვენ ვცხოვრობთ უფრო საშიშ სამყაროში, ჩვენ გვყავს რუსეთი, როგორც მეზობელი, რომელიც მზადაა გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებული არასტაბილურობა და ყველა გამოწვევა ალიანსს აიძულებს მეტი ინვესტიცია ჩადოს თავდაცვაში.
„ჩვენ ვცხოვრობთ უფრო საშიშ სამყაროში, ჩვენ გვყავს რუსეთი, როგორც მეზობელი, რომელიც მზადაა გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, დაწყებული საქართველოდან 2008 წელს. ჩვენ გვაქვს ტერორიზმი, გვაქვს ბირთვული იარაღის გავრცელება. და შემდეგ, ჩვენ არ განვიხილავთ ჩინეთს საფრთხედ, მაგრამ ჩინეთი დიდ ინვესტიციას ახორციელებს ახალ თანამედროვე შესაძლებლობებში, მათ შორის უფრო და უფრო მოწინავე და შორი დისტანციის ბირთვულ რაკეტებში. ასე რომ, მთელი ეს არასტაბილურობა და ყველა ეს გამოწვევა უბრალოდ გვაიძულებს მეტი ინვესტიცია ჩავდოთ თავდაცვაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო და მისი მოკავშირეები ნამდვილად ცდილობდნენ შეექმნათ და დაემყარებინა უკეთესი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ რუსეთმა შეგნებულად აირჩია სხვა გზა.
„სკანდინავიის ქვეყნები, შვედები და დანიელები, ფინელები და ნორვეგიელები, ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით და ახლა საუკეთესო მეგობრები ვართ მსოფლიოში. და თუ გადავხედავთ დანარჩენ ევროპას, გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, გერმანიას, ისინი ასევე იყვნენ ომის სხვადასხვა მხარეები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ანადგურებდნენ ევროპას და ახლა ისინი საუკეთესო მეგობრები და მოკავშირეები არიან ნატოსა და ევროკავშირში.
ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი მოქმედებდა საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც ცდილობდა გავლენის სფეროების აღდგენას, როდესაც დიდი ერები აკონტროლებენ იმას, რისი გაკეთება შეუძლიათ პატარა ერებს. შემდეგ კი ნატოს თანდათან, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა მეტი ხაზგასმა არა დიალოგზე, არამედ შეკავებასა და თავდაცვაზე, განსაკუთრებით, 2014 წლიდან“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.