ნინო წილოსანი: მოლოდინია, რომ ევროკავშირი არ უღალატებს ევროპის იდეასა და პრინციპს
“მოლოდინი არის, რომ ევროკავშირი და ევროინსტიტუციები არ უღალატებენ ევროპის იდეასა და პრინციპს, რომ სამართლიანად და ობიექტურად იყოს განსჯილი ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ნებისმიერი სახელმწიფო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ახლაც არ იქნება სათანადო გადაწყვეტილება მიღებული, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ მუშაობა გაგრძელდეს.
„ამ ჭრილში მოლოდინი პოზიტიურია, თუმცა ჩვენ ვიცით, წინა შემთხვევაში რა უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული. თუმცა უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ეს არაა საბოლოო ეტაპი. თუნდაც კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში ძალიან დიდი და მრავალწლიანი პროცესი არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. თუ ახლაც არ იქნება სათანადო გადაწყვეტილება მიღებული, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა და საბოლოო ჯამში დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე და სურვილი, დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს, რომლის იდეოლოგიური წევრები ნამდვილად ვართ“, – აცხადებს ნინო წილოსანი.