ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი ინსპექტორის 2022 წლის ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი ინსპექტორის 2022 წლის ანგარიში მოისმინა.

მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის განცხადებით, შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, შრომის ინსპექციის სამსახური იყენებს სხვადასხვა მექანიზმს: ახდენს ობიექტის საქმიანობის შემოწმებას გეგმური ან არაგეგმური ინსპექტირების ფარგლებში, უზრუნველყოფს შრომითი ნორმების შესრულებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას, შრომითი ნორმების დაცვის ხელშემწყობი ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდებას და ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანიებისა და სხვა ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას, შრომითი ნორმების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრების მიღებასა და განხილვას.

ასევე, შრომის კანონმდებლობის დასახვეწად და მისი გამოყენების გასაუმჯობესებლად წინადადებების შემუშავებას. ბექა ფერაძის ინფორმაციით, შრომის ნორმებზე განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში „შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონის შესაბამისმა ინსპექტირებამ მოიცვა – 1147 ობიექტი. განხორციელებული ინსპექტირება შეეხო 108 000-მდე დასაქმებულ პირს; გაიცა 8728 მითითება, რომლისთვისაც სამართალდამრღვევთა მიმართ ჯამში შედგა 1748 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

მისი ინფორმაციით, 2022 წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2018 წელთან შედარებით შემცირებულია 41%-ით. მისივე თქმით, არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა 15 სამუშაო ადგილზე და გაიცა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები. კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, შრომის ინსპექციის სამსახური მისი ჩამოყალიბებიდან დღემდე წარმატებით საქმიანობს.

„ჩვენი კომიტეტი მიესალმება ყველა იმ წარმატებას, რომელზეც ანგარიშშია საუბარი. ძალიან მოკლე პერიოდში, რაც სამსახური ჩამოყალიბდა, შთამბეჭდავი შედეგები აქვს სხვადასხვა მიმართულებით. კლებადია უბედური შემთხვევებისას დაღუპულთა რაოდენობა. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული წარმატებაა”, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. კომიტეტმა ცნობად მიიღო სხდომაზე განხილული ანგარიში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები