მარინა კალიურანდი: ქართველების 89% ეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია

საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის და განსაკუთრებით ევროპარლამენტთან ურთიერთობა, გასული წლის განმავლობაში მშფოთვარე და ქაოსური იყო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული კომისია უახლოეს თვეებში შეაფასებს იმ პროგრესს, რასაც საქართველომ 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიაღწია.

„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულება უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია დღეს, რადგან ევროკომისია რამდენიმე თვეში შეაფასებს მიღწეულ პროგრესს 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს, თუ მათ სურთ, რომ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს განსახილველი და არ არის საჭირო იმის დამალვა, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის და განსაკუთრებით ევროპარლამენტთან ურთიერთობა მშფოთვარე, და მინდა ვთქვა, რომ ქაოსური იყო გასული წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იცნობთ ევროპარლამენტის ბოლო ორ რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევისა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ.

ნება მომეცით, დავიწყოთ კიდევ ერთი დადებითი ნოტით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ, რომელიც IRI-ს დაკვეთით აპრილში ჩატარდა და აჩვენა, რომ ქართველების 89% ეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია. საქართველოს მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ ახლა უნდა შეასრულონ დაპირებები არა ჩვენთვის, არამედ უპირველეს ყოვლისა მათი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნამდვილად ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. როგორც ადრე ვთქვი, ეს არის უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარა და ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს იქნება ის ღია, ის შეიძლება სწრაფად დაიხუროს, ამიტომ ეს ისტორიული შანსი გამოყენებულ უნდა იქნეს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები