ნიკოლოზ სამხარაძე: პრეზიდენტის ვალდებულება არის, რომ ეროვნული ბანკის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას
“არ მგონია, რომ ეს ყველაფერი იმპიჩმენტამდე მივიდეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ვადები ხელოვნურად არ უნდა გაიწელოს”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას პრობლემებს უქმნის.
სამხარაძის თქმით, პრეზიდენტის ვალდებულებაა, რომ ეროვნული ბანკის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას.
„ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონით დადგენილი წესები და პროცედურები. როცა ამდენი ხნის განმავლობაში არ ხდება კანდიდატურის წარდგენა ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის თანამდებობაზე, როგორიც არის ეროვნული ბანკი, რა თქმა უნდა, აქ ბევრი კითხვა და ეჭვი ჩნდება, რას ემსახურება ეს გადადება და პროცესის ვადებში გაწელვა. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი იმპიჩმენტამდე მივიდეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ვადები ხელოვნურად არ უნდა გაიწელოს. პრეზიდენტს როგორც უფლებები აქვს, აქვს ვალდებულებებიც. ვალდებულება არის, რომ ასეთი ინსტიტუტის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას“, – აცხადებს სამხარაძე.