“საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის საპასუხო რეაქციის რეალური და, არსებული საფრთხის მიუხედავად, ნატოსა და ევროკავშირის წევრი გამხდარიყო” – შალვა პაპუაშვილი
“ამ წლების განმავლობაში, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის საპასუხო რეაქციის რეალური და, არსებული საფრთხის მიუხედავად, გამხდარიყო ნატოსა და ევროკავშირის წევრი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„იმის მიუხედავად, რომ საქართველო გახდა სრულად თავსებადი ნატოსთან, ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო სტანდარტებზე მეტად განავითარა დემოკრატიული ინსტიტუტები და კონსტიტუციაში განამტკიცა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსში საქართველოს მიღების მზაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ქვეყანა ამ დრომდე მხოლოდ მოლოდინშია.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინტეგრაციის პროცესში გვქონდეს ხელშესახები პროგრესი პოლიტიკური კუთხით. ჩვენ გვესმის, რომ ამ საკითხზე რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება უკრაინაში ომის დასრულებასა და უკრაინის გამარჯვებამდე. თუმცა, აუცილებელია დისკუსიის დაწყება ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესაძლო მონახაზებზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.