იაგო ხვიჩია: არავისთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, ვისაც თანამშრომლობა უნდა და არა ბატონობა, ქართველ ხალხს ვთხოვთ, ნუ დაგვტოვებენ დანარჩენი კოლეგების იმედად, მტერი იყოს მათ იმედად

არავისთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, ვისაც თანამშრომლობა უნდა და არა ბატონობა, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რა განცხადებებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ლელო“ აკეთებენ, საარჩევნოდ თანამშრომლობას, ამ ეტაპზე, მათთან გამორიცხავს.

„ჩვენ ვცდილობდით, ყველასთან გველაპარაკა და სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ, რომ არც ერთ კოლეგას არ უნდა საუბარი, თუ როგორ ქვეყანაზე ოცნებობენ, “ქართული ოცნების” შეცვლის შემდეგ. ნელ – ნელა მივდივართ იმ აზრამდე, რომ “გირჩი” იყოს დამოუკიდებლად, ცალკე და ასე მიიღოს მონაწილეობა, რასაკვირველია თუ მანამდე ჩვენი კოლეგები არ შეიცვლიან აზრს და სერიოზულად არ მიუდგებიან საქმეს.

ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც გვეტყვის, როგორი ქვეყანა უნდა და შესაბამისად მოიქცევა, იტყვის, რას გააკეთებს მეორე, მესამე წელს, როცა ხელისუფლებაში მოვა, მაგრამ რასაც ახლა მეუბნებიან, აგერ ვართ “ნაცმოძრაობა” და დაგეხმარებით ბარიერის გადალახვაში ან აგერ ვართ “ლელო” – ჩვენ მოგხედავთ, ასეთი ტიპის თანამშრომლობას გამოვრიცხავთ. არავისთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, ვისაც თანამშრომლობა უნდა და არა ბატონობა, შესაბამისად, როცა ბატონობის ე.წ. თრიფიდან გამოვლენ ჩვენი კოლეგები, მერე დავსხდებით სათანამშრომლოდ, მაგრამ ამ წუთის მონაცემებით, როცა იძახიან, რომ ჩვენ გადაგალახვინებთ ბარიერს, ჩვენ მოგხედავთ, ჩვენ ვიქნებით უფროსები, ყველასთან გამოვრიცხავთ.

ჩვენ ქართველი ხალხის იმედი გვაქვს და გვინდა მათ ვთხოვოთ, ნუ დაგვტოვებენ დანარჩენი ჩვენი კოლეგების იმედად, მტერი იყოს მათ იმედად, ეს ქართველმა ხალხმა ყველაზე უკეთ იცის,”- განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები