პაველ ჰერჩინსკი: საკვანძო მომენტია საქართველოსთვის, ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის დიალოგი იყოს რაც შეიძლება ინტენსიური
“საკვანძო მომენტია საქართველოსთვის, საქართველო გზაგასაყარზე დგას ევროინტეგრაციის პროცესში, ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის დიალოგი იყოს რაც შეიძლება ინტენსიური”, – ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ქვეყნის პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვას.
ელჩის თქმით, ის მიესალმება საქართველოს კავშირს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან და წევრი ქვეყნების უმაღლესი წარმომადგენლების ვიზიტს საქართველოში.
„ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების კონტაქტებს 27 წევრი ქვეყნის დედაქალაქებთან და ევროკავშირის ქვეყნების მაღალჩინოსნების ყველა ვიზიტს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი იყოს რაც შეიძლება ინტენსიური, რომ 27 წევრმა სახელმწიფომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება წლის ბოლოს ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს 9 ივნისს შეხვდება.