ილია დარჩიაშვილი: ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წევრი ქვეყანა გერმანია, აქტიურად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას 

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 9 ივნისს, ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საგარეო პოლიტიკის და ამ მიმართულებით განხორციელებული სხვადასხვა აქტივობების შედეგია ის, რომ გერმანია დღეს ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

„სწორედ ჩვენი ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წევრი ქვეყანა გერმანია აქტიურად არის ჩართული და ხმამაღლა საუბრობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, გაფართოების პოლიტიკის აუცილებლობაზე, სადაც საქართველოს აუცილებლად ექნება ადგილი. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო და პირველ რიგში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახორციელებს”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში შეხვედრას გამართავს გერმანიის კანცლერთან, სადაც საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობას და იმ საჭიროებებს, რომელიც არის დღის წესრიგში. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მხარეები ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.

„ირაკლი ღარიბაშვილს ოლაფ შოლცთან შეხვედრის დროს, რა თქმა უნდა საუბარი ექნება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და გაუზიარებს კანცლერს ინფორმაციას, თუ რამხელა სამუშაო ჩაატარა ჩვენმა ქვეყანამ, საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს მთავრობამ, იმისთვის რომ შესრულებულიყო 12 რეკომენდაცია. იქნება საუბარი ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ აღნიშნული ვიზიტი ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე დაიგეგმა აპრილის ბოლოს, 28 აპრილს ორ საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მჭიდრო კონსულტაციების შემდეგ.

“მე მოვუწოდებ ყველას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გაკეთებული შეფასებებისას ნუ შეჰყავთ ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში და ნუ აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს,” – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. როგორც ცნობილია, 2023 წლის 9 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები