ილია დარჩიაშვილი: გერმანიაში საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი ორი ქვეყნის საგარეო უწყების კონსულტაციის შედეგად 2023 წლის აპრილში დაიგეგმა, მოვუწოდებ ყველას, ნუ შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში და ნუ აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერლინში დაგეგმილ ვიზიტს და ამის შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.

“მინდა, გამოვეხმაურო ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციურ ტელეარხებზე მიმდინარე ისტერიას, რომელიც უკავშირდება საქართველოს პრემიერმინისტრის სამუშაო ვიზიტს ბერლინში. საკითხი არის შემდეგნაირად: საქართველოს პრემიერმინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში და მე მინდა, შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ სწორედ საქართველოს პრემიერმინისტრი ბრძანდებოდა ოფიციალური ვიზიტით ბერლინში. ჩვენ გვახსოვს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში და დინამიკა, რომელიც შეიქმნა ამ ურთიერთობებიდან. ამ დინამიკის გაგრძელებაა ის, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი მიემგზავრება ბერლინში სამუშაო ვიზიტით. მე მგონია, რომ ასეთი გაუგებარი და მავნებლური რეაქცია, რომელიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს ამ ვიზიტთან დაკავშირებით გამომდინარეობს იქიდან, რომ სწორედ გერმანია იქცა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერ ქვეყნად, რომელიც ხმამაღლა საუბრობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე,” – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ გერმანია – ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანა ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით, აქტიურობს საქართველოსთან მიმართებით, წარმოადგენს ოპოზიციის გაღიზიანების მთავარ მიზეზს.

“ეს არის მათი გაღიზიანების და მსგავსი მავნებლური დეზინფორმაციის გავრცელების მიზეზი. თუმცა მე მინდა დავამშვიდო ისინი და მოვუწოდო, კონსტრუქციულად შეაფასონ საქართველოს საგარეო პოლიტიკა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს აუცილებლად შედეგიანი ვიზიტი ექნება ბერლინში, სადაც საუბარი იქნება ჩვენს ევროპულ მომავალზე, რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების თემაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე,” – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ აღნიშნული ვიზიტი ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე დაიგეგმა აპრილის ბოლოს, 28 აპრილს ორ საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მჭიდრო კონსულტაციების შემდეგ.

“მე მოვუწოდებ ყველას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გაკეთებული შეფასებებისას ნუ შეჰყავთ ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში და ნუ აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს,” – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები