რატი იონათამიშვილი: ქვეყანას სჭირდება, ჰყავდეს საქმეზე ორიენტირებული ოპოზიცია, რომელიც ჩვენ მოდუნების შესაძლებლობას არ მოგვცემდა და თემატური განხილვები გვექნებოდა

“რადიკალური ოპოზიციის საერთო სახე არის ძალიან მძიმე და ასეთი ადამიანები, ვისაც არც ღირებულება და არც ფასეულობა გააჩნია, მტრობენ საკუთარ ქვეყანასა და ხალხს. ცხადია, მათ არანაირი შანსი არ აქვთ, რომ დემოკრატიული პროცესებით რაიმეს მიაღწიონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც არაევროპულია დღეს საქართველოში, ეს არის რადიკალური ოპოზიცია.

„ხელში უჭირავთ გასაღები, რომელიც კიდევ უფრო მეტად კეტავს მათ კაბინეტურ ცხოვრებას და ეს არის ფაქტი. შესაბამისად, ესენი რომ გასაღებებზე საუბრობენ, უხერხული და ღიმილის მომგვრელია. ქვეყანას სჭირდება, ჰყავდეს საქმეზე ორიენტირებული ოპოზიცია, რომელიც ჩვენ მოდუნების შესაძლებლობას არ მოგვცემდა და თემატური განხილვები გვექნებოდა, ეს უპირატესობა საქმეში გამოჩნდებოდა, მაგრამ ჩვენ გვყავს ოპოზიციის ისეთი სპექტრი, რომელიც პირიქით, ანარქიასა და დესტაბილიზაციაზეა ორიენტირებული. რომელიც ევროპული სტანდარტების გადახვევაზეა ორიენტირებული. ერთადერთი, რაც არაევროპულია დღეს საქართველოში, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც თავისი ბუნებითაა ბოლშევიკური და არაფერი აქვს საერთო ევროპული ტიპის პოლიტიკასთან.

სხვა მხრივ, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერდება და ვითარდება. რეფორმები არის ძალიან მნიშვნელოვანი. საარჩევნო თვალსაზრისით კანონმდებლობა წლიდან წლამდე იხვეწება და ამ მხრივაც ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია, შეიძლება ითქვას. რჩება რადიკალური ოპოზიცია, რომელიც წლიდან წლამდე არათუ უახლოვდება ევროპულ სტანდარტს, არამედ პირიქით. სულ უფრო და უფრო დეგრადირებს. ცხადია, ამ პირობებში, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ველზე რეალური კონკურენტი არ ჩანს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები