მიხეილ სარჯველაძე: ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა
“ასეთ ფორმატებში ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა. შესაბამისად, გერმანია, როგორც გამორჩეული პარტნიორი საქართველოსთვის, ამ თვალსაზრისითაც განსაკუთრებულია და განსაკუთრებულია მოლოდინებიც, მნიშვნელობა ასეთი შეხვედრისა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის 9 ივნისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, კარგია, რომ გაჩნდება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ხაზი გაესვას საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობას.
„იმ ფონზე, როცა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან, ამ დროს ევროპულ სახელმწიფოთა დედაქალაქებთან უშუალო კომუნიკაცია, თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ალბათ ასეთ ფორმატებში ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა. შესაბამისად, გერმანია, როგორც გამორჩეული პარტნიორი საქართველოსთვის, ამ თვალსაზრისითაც განსაკუთრებულია და განსაკუთრებულია მოლოდინებიც, მნიშვნელობა ასეთი შეხვედრისა. იმედი მაქვს, ყველა საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ევროპის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების დროს და უკავშირდება საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას, იქნება განხილვის, ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა. საქართველოს ბევრი აქვს სათქმელი ამ მიმართულებით. შესაბამისად, კარგია, რომ გაჩნდება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ხაზი გაესვას საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობას, როგორც საქართველოსთვის ისე ევროპის კავშირისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.