ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა სხდომაზე „მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ” კანონპროექტში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონში განსახორციელებელი ცვლილებები კოლეგებს, კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გააცნო. როგორც მან განმარტა, კანონის აღსრულების პროცესში, რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, რის აღმოფხვრასაც ითვალისწინებს საკანონმდებლო ინიციატივა.

„ზოგიერთ შემთხვევაში კანონში დასაზუსტებელი გახდა დირექტივის ნორმები, რაც ტოვებს ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. იმისათვის რომ უზრუნველვყოთ კანონის აღსრულების ეფექტიანობა, რამდენიმე მუხლი საჭიროებს დახვეწას”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცვლილების თანახმად, დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ზუსტდება ვის და რა შემთხვევაში ეკისრება საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯი, რაც ნორმის არაზუსტი ინტერპრეტირების შესაძლებლობას გააქრობს. ინიციატივის მიხედვით, სპორტული და კულტურული ღონისძიების ბილეთის დისტანციურად შეძენის შემთხვევაში ნათლად განისაზღვრება, რომ მომხმარებელი ბილეთის უკან დაბრუნების უფლებით მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ისარგებლებს, რითაც მოვაჭრეს ექნება თავისუფლება, რომ თავად გადაწყვიტოს დაიბრუნოს თუ არა გაყიდული ბილეთი ან რა ვადა მისცეს მომხმარებელს ბილეთის დასაბრუნებლად. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიერ, ასევე გამოიკვეთა მოვაჭრისთვის დაკისრებული ჯარიმის გამოთვლის წესთან და გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებული სირთულეები, რაც წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით იცვლება. კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა, პარლამენტს შესაბამისი პროცედურებით წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები