ვახტანგ ძაბირაძე: დასავლეთი საქართველოში გაცილებით ყურადღებით აკვირდება პროცესებს, იკვლევს საზოგადოების განწყობებსაც, აქედან გამომდინარე, მაქვს იმედი, რომ მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს

“დასავლეთი დღეს კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში გაცილებით ყურადღებით აკვირდება პროცესებს, ისმენს არა მარტო ხელისუფლების განცხადებებს, არამედ იკვლევს საზოგადოების განწყობებსაც. აქედან გამომდინარე, მაქვს იმედი, რომ მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს მაშინაც კი, თუ ვალდებულებები ისე არ იქნება შესრულებული, როგორც საჭიროა, და მოგვანიჭებს განსაზღვრული დათქმებით”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, დასავლეთი უკვე სერიოზულად ფიქრობს ქართულ პრობლემატიკაზე და ცალკეულ ინფორმაციაზე დამოკიდებული არ არის.

“ვფიქრობ, ევროკავშირი საქართველოს სანქციებს არ დაუწესებს. თუმცა ჩვენი პარტნიორების განცხადებები თანდათან სერიოზულ სახეს იღებს… ვფიქრობ, დასავლეთი უკვე სერიოზულად ფიქრობს ქართულ პრობლემატიკაზე და არ არის დამოკიდებული ცალკეულ ინფორმაციაზე. ამიტომ უფრო ღრმად დაიწყებენ პროცესში ჩახედვას, მხოლოდ ხელისუფლება ხომ არ არის, საზოგადოების განწყობებიც ყურადსაღებია. ამიტომაც მგონია, გადაწყვეტილებას ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებენ. ევროკავშირის 12 პუნქტზე ხელისუფლება კი ამბობს, შესრულებულიაო, მაგრამ ფაქტია, თითოეულის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ისეთი არ არის, რაც გვაფიქრებინებს, რომ რეკომენდაციები მართლა შესრულდა. ანტიკორუფციული ბიურო კი შექმნეს, მაგრამ არ არის ისეთი, რომ შედეგი მოგვცეს. ყველა პუნქტი ფორმალურად შესრულებულია, მაგრამ არ პასუხობს იმას, რასაც ევროკავშირი გვთხოვს და რაც მთავარია, ქვეყანას სჭირდება. მგონი, დასავლეთი ხვდება, რომ ჯობს, გადადგას პოლიტიკური ნაბიჯი და მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი… უნდა იყოს ხაზგასმა იმაზე, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს სტატუსს. ეს, ჩემი აზრით, იქნება დასავლეთის ის პოლიტიკური სვლა, რომელიც არასტაბილურობას თავიდან აგვაცილებს და არჩევნებამდე მიგვიყვანს. არჩევნები უკვე სხვა საქმეა. თუ სტატუსს არ მოგვანიჭებენ, ოპოზიცია შეეცდება ეს გამოიყენოს საპროტესტო მუხტის ასაგორებლად. მუხტი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ოპოზიცია არ არის მზად ამ პროტესტის რეალიზებისთვის. ამიტომაც სტატუსს თუ არ მოგვცემენ, შესაძლოა ეს გახდეს დეტონატორი, რომ ოპოზიციისა და ელექტორატის ნაწილმაც დაიწყოს აქციები, რამაც შესაძლოა სულაც არ მიგვიყვანოს ხელისუფლების ცვლილებამდე… ოპოზიციაც არ არის ერთიანი, იქაც ბევრი გაუგებრობაა. ამიტომ, თუკი სტატუსს მოგვანიჭებენ დათქმებით, ამას ხელისუფლება პოლიტიკური ქულებისთვის ვერ გამოიყენებს, ვერც ოპოზიცია გამოიყენებს საპროტესტო ტალღის ასაგორებლად. სამაგიეროდ, გახდება მოტივატორი, ოპოზიცია არჩევნებისთვის მოემზადოს. თუ საქართველომ დეკემბერში სტატუსი ვერ მიიღო, ქვეყანაში დაიწყება საპროტესტო აქციები. პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება და რუსული სპეცსამსახურები მღვრიე წყალში თევზის ჭერას დაიწყებენ. მოსკოვში შეიძლება ჩათვალონ, რომ დასავლეთმა საქართველო მიატოვა და რუსული ცოფიანი დათვი, სავარაუდოდ, გადამწყვეტ შეტევაზე გადმოვა… მეორე მხრივ, არა ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიციის აქციები შედეგს მოიტანს. დღეს გვაქვს ასეთი ელექტორალური განწყობა – მხარს უჭერენ “ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას”. არსებობს 1/3, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე. ამიტომ ოპოზიციურ ელექტორატზე ლაპარაკისას, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ამომრჩევლის 2/3-ია, მაგრამ აქედან ნახევარზე მეტი ოპოზიციურია “ნაცმოძრაობის” მიმართაც. შესაბამისად, ოპოზიცია ამ ელექტორატს ვერ გააერთიანებს – ევროინტეგრაციის საკითხზე კი იქნება ერთიანი, მაგრამ შიდა საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა აქვთ. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რომლითაც მერე ვინ როგორ ისარგებლებს და პირველ რიგში რუსეთი, ადვილი მისახვედრია.

რაც შეეხება კითხვას, რა რისკია, რომ ეს ყველაფერი რუსეთმა გამოიყენოს – მთავარი რისკი სწორედ ის არის, რომ გამოიყენებს. რუსეთი უკრაინაში ომს რომ იწყებდა, სწორედ ეს გათვალა, ევროპა რუსულ ენერგეტიკაზე იმდენად არის დამოკიდებული, უკრაინას გვერდით არ დაუდგებაო. რუსეთმა ენერგორესურსები პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენა. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ საქართველო აზერბაიჯანთან ერთად დარჩა იმ ღერძად, სადაც ევროპას აზიიდან ენერგორესურსების მიღება შეუძლია. შესაბამისად, რუსეთს ამ ტრანზიტული ხაზის მნიშვნელობა ძალიან კარგად ესმის და შესაძლოა მისი გადაკეტვა სცადოს. ამისთვის კი შეეცდება ქვეყანაში შექმნას არასტაბილური გარემო. იმედია, ეს საფრთხე ესმის როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ევროპას… დასავლეთი დღეს უფრო არის დაინტერესებული კავკასიის რეგიონით, ვიდრე იყო თუნდაც ომის დაწყებამდე უკრაინაში და არ გამიკვირდება, რომ ეს ხაზი ძალიან მალე შუა აზიისკენაც გაგრძელდეს. დასავლეთი დღეს კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში გაცილებით ყურადღებით აკვირდება პროცესებს, ისმენს არა მარტო ხელისუფლების განცხადებებს, არამედ იკვლევს საზოგადოების განწყობებსაც. აქედან გამომდინარე, მაქვს იმედი, რომ მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს მაშინაც კი, თუ ვალდებულებები ისე არ იქნება შესრულებული, როგორც საჭიროა, და მოგვანიჭებს განსაზღვრული დათქმებით”,- განაცხადა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები