17 ოქტომბერს, ტელევიზიის პირველი არხის შეხვედრების დარბაზში „ილუზიონი“ ნიჭიერი პოეტისა და ჟურნალისტის, თამარ ბოლქვაძის შემოქმედებითი საღამო „ცხოვრებაზე გადაფრენა“ გაიმართა.
საღამოს მისი პოეზიის თაყვანისმცემლები და კოლეგები დაესწრნენ. სიტყვით გამოვიდნენ: პოეტები ია სულაბერიძე და გურამ ჯახუტაშვილი, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე გიორგი მამაცაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ნინი გედენიძე, კარდიოლოგი და პოეტის ბავშვობის მეგობარი მანანა დონჯაშვილი, ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო „კვირა. ჯის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი. თამარ ბოლქვაძე: „გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ჩემი პოეზიის საღამო „ცხოვრებაზე გადაფრენა“ იმაზე უკეთ შედგა, ვიდრე ველოდი. იყო არაჩვეულებრივად თბილი გარემო, პოეზიის „გურმანი” მსმენელები და კიდევ რაღაც სხვა, მხოლოდ პოეზიამ რომ იცის. იყო ბედნიერებისა და უჩვეულო სიმსუბუქის განცდა, რაც ასე იშვიათია ჩვენს ყოველდღიურობაში, აუდიტორიასთან საოცარი სინქრონი, ბევრი თბილი სიტყვა, სასიამოვნო მოულოდნელობები და სიურპრიზები. ჟურნალისტ თეონა გოგნიაშვილის მიერ გადმოცემული კრეატიული საჩუქარი – ჯილდო – „ოსკარის“ სტატუეტკა. ერთი სიტყვით, მეც და ჩემს მსმენელსაც პოეზიის ლამაზი „ფრენა – გადაფრენა“ გამოგვივიდა. საღამოზე უთბილესი აუდიტორია იყო და რაც მთავარია, გემოვნებიან მსმენელთან შეხვედრის ბედნიერების განცდა მქონდა. ჩემი შემოქმედებითი საღამოს ასე უნაკლოდ ორგანიზებისთვისსათითაოდ მინდა მადლობა გადავუხადო: პირველ არხს, მენეჯმენტს, რუსო მანჯგალაძეს დეა გველებიანს, ბუხოს ჯგუფს, გიორგი გუგუშვილს, კარგი რეჟისორობისთვის, მაკა კუჭაიძეს, ოპერატორთა ჯგუფს, ალექსი ჩადუნელს, თეონა ენუქიძეს, ყველას, ვინც დამაფასა და მოვიდა“.
თამარ ბოლქვაძე რადიოგადაცემის „ფერმერის დილა“ პროდიუსერია. ტელევიზიაში შტატგარეშე კორესპოდენტობიდან შემეცნებითი მიმართულების პროდიუსერამდე – თითქმის ყველა საფეხური გავლილი აქვს. ლექსებს ცხრა წლის ასაკიდან წერს. გამოცემული აქვს ლექსების კრებული. მისი ლექსები და მოთხრობები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში იბეჭდებოდა. მის რუსულ ლექსებზე კომპოზიტორ ქეთი გაბისიანს ექვსი რომანსი აქვს შექმნილი. ის ქართული სიმღერის „არასოდეს დაგივიწყებ“ ტექსტის ავტორია.თამარ ბოლქვაძის რამდენიმე ლექსი მსოფლიოს პოეტ ქალთა ანთოლოგიაშია შესული.