დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა პარიზში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
დავით სონღულაშვილმა დელეგატებს სიტყვით მიმართა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი მრავალწლიანი მუშაობის შედეგად წელს, თბილისი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 48-ე სესიას უმასპინძლებს, რისთვისაც განსაკუთრებით ვემზადებით. დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ასეთ მნიშვნელოვან საპარლამენტო პლატფორმას ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
კონფერენციის მთავარ თემას „უკრაინაში მიმდინარე ომი და მეზობელ სახელმწიფოებზე მისი გავლენა” წარმოადგენდა. აღნიშნულ თემაზე გამოსვლისას დავით სონღულაშვილმა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერაზე ისაუბრა.
„დღეს, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში, შემდეგ 90-იან წლებში, ბოლოს – 2008 წელს გამოსცადა. შედეგად, ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დღემდე იტაცებენ ადამიანებს საოკუპაციო გამყოფი ხაზიდან და დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. რუსეთი უკრაინაში პირველად 2014 წელს შეიჭრა და რამდენიმე რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, ხოლო მეორედ, უკვე 2022 წელს დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი, რამაც მსოფლიოში არსებული საერთაშორისო უსაფრთხოება უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენა. ყველა ტრიბუნას და ყველა საერთაშორისო შეხვედრის ფორმატს ჩვენ განვიხილავთ, როგორც რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის თაობაზე მსოფლიოსთვის ხმის მიწვდენის შესაძლებლობას”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებს.
„ომისა და ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენი პოზიცია ურყევია, საქართველო განუხრელად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს და მზად არის, გახდეს ევროპის გაერთიანების – ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და მომავალში ევროკავშირის წევრი. მინდა შევეხო რამდენიმე საკითხს, რომელიც ამ მიზნისკენ მიმავალი კონკრეტული ნაბიჯების შესრულებას ეხება. პირველი, ეს არის ევროკავშირისგან მკაფიოდ გარანტირებული ევროპული პერსპექტივა, რომელსაც თან ახლავს შესასრულებელი 12 პუნქტი, კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა აქტიურად მუშაობს თითოეული პუნქტის შესრულებაზე იმისთვის, რომ წლის ბოლოს საქართველომ ღირსეულად მიიღოს დამსახურებული ადგილი ერთიან ევროპულ ოჯახში. მეორე, ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ მხრივ, ქვეყანა დიდწილად იყო დამოკიდებული პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მიმართულებით როგორც რუსეთზე, ასევე უკრაინაზე. ეს თავდაპირველად ზრდიდა იმის რისკს, რომ იმპორტის შემცირება ფასების ზრდას გამოიწვევდა. სწორად დაგეგმილი სტრატეგიის და რეფორმების გაგრძელებით, კოვიდსიტუაციისა და პოსტპანდემიური პროცესების სწორი მართვის შედეგად, ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს”, – განაცხადა სონღულაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, წლევანდელი პროგნოზებიც დამაიმედებელია და გავლილი პერიოდის ანალიზი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების მიმართულებით პოზიტიური დინამიკაა, რაც მშპ-ს მინიმუმ 6%-იანი ზრდის პროგნოზებზე მიუთითებს.
„ტურიზმის აღდგენა მოხერხდა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებზე და ცალკეული თვეების მიხედვით გადააჭარბა 2019 წლის შესაბამის პერიოდს. ასევე ინფლაცია შემცირებულია და ეროვნული ბანკის საშუალოვადიანი თარგეთირებული ინფლაციის დონისკენ მიემართება. ავიღოთ თუნდაც მიმდინარე წლის აპრილი – ექსპორტის წლიურმა ზრდამ 20 პროცენტს გადააჭარბა. გაზრდილია ტვირთბრუნვის მაჩვენებლები, რაც ე.წ. შუა დერეფნის გააქტიურების კიდევ ერთი შედეგია”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მანვე კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რაც სახელმწიფოს მხრიდან უკრაინელი ხალხისადმი ჰუმანიტარულ დახმარებას შეეხება.
„ეს მოიცავს როგორც სხვადასხვა პროგრამის შექმნას მათ მხარდასაჭერად ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მუდმივ მხარდაჭერას აგრესორის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, თავისუფლების მოყვარე ერი, აუცილებლად მიაღწევს გამარჯვებას და მსოფლიო მალე იხილავს ერთიან, სუვერენულ და დამოუკიდებელ უკრაინას” ,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
კონფერენციის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან ბრუნო ფუქსთან, ასამბლეის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელთან ჟან-შარლ ლუპერტოსთან და ასამბლეაში საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან ამელია ლაკრაფთან. შეხვედრებისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის მასშტაბური ღონისძიების, ყოველწლიური სესიის მასპინძლობას საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელიც მიმდინარე წლის 3-8 ივლისს გაიმართება.