იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ ვაკანტურ თანამდებობაზე წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს დღეს კენჭს უყრიან
პარლამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.
პარლამენტის პლენარული სხდომა, 12:00 საათზე, სწორედ კენჭისყრებით დაიწყება.
ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად მეორე ტურში ოთხი – სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკალაშვილი (89 ხმა), ლევან ნემსაძე (88 ხმა) და ნინო ნიშნიანიძე (87 ხმა).
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ.