ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას კიდევ ერთხელ შევთავაზეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატების წარდგენა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ თვითმიზანს, ჩააგდონ საკითხზე კენჭისყრა

,,ოპოზიციას კიდევ ერთხელ შევთავაზეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატების წარდგენა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ თვითმიზანს, ჩააგდონ საკითხზე კენჭისყრა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, თუ ვის სურს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი და ვის არა.

„უკვე თითქმის ერთი წელია გასული, რაც ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ დაესახელებინა, მათთვის მისაღები კანდიდატურები, თუმცა უარს ამბობენ, რაც არასწორია და მიუღებელი. კიდევ ერთხელ შევთავაზეთ მათთვის სასურველი კანდიდატურების დასახელება, ამბობენ უარს. არ ვიცი, ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, ამ ყველაფერზე ვისაუბროთ, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ ერთგვარ თვითმიზანს, ჩააგდონ ამ საკითხზე კენჭისყრა. ეს არის ძალიან სამწუხარო. ამ ყველაფრიდან გამოჩნდება, ვის სურს კანდიდატის სტატუსის მიღება ქვეყნისთვის და ვის არ სურს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას კონსტრუქციული მიდგომის გამოვლენისკენ, თუმცა რამდენად იქნება მათი მიდგომა კონსტრუქციული, არ ვიცი, ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები