საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ შეთანხმებებს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი)“ სასესხო შეთანხმება განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ საქართველოსთვის  69,3 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 25 წლის ვადით, მათ შორის 14 წელი შეღავათიანია. საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია EURIBOR-ზე.

აღნიშნული თანხა მოხმარდება ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესებას, ეროვნული ირიგაციისა და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას და ა.შ.

კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაცია)“ სასესხო შეთანხმება.

იგი ითვალისწინებს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ საქართველოსთვის  46,2 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 18,5 წლის ვადით, მათ შორის 5 წელი შეღავათიანია. საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია EURIBOR-ზე.

აღნიშნული თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში და ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებების კუთხით ვალდებულებების შესრულებას, ფისკალური რისკების შერბილებას, მიწაზე, წყალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და ა.შ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განხილულ სასესხო შეთანხმებებს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები