გია ვოლსკი: სააკაშვილი და მისი გარემოცვა ჩიხში შევიდნენ
სააკაშვილი და მისი გარემოცვა უკვე ჩიხში შევიდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, სააკაშვილს მკურნალობის რესურსი აქვს, მაგრამ არ ჰყავს ადამიანები, ვინც მას ამისკენ მოუწოდებს.
„სააკაშვილი და მისი გარემოცვა უკვე ჩიხში შევიდნენ, რადგან აღმოჩნდა, რისთვისაც იღვწიან, არის ის, რომ სააკაშვილი გადააქციონ მძევლად საკუთარი მიზნებისა და სტრატეგიისთვის. ეს სტრასბურგის სასამართლომ არ დაადასტურა, რომელმაც დაინახა, რომ აქ სულ სხვა პოლიტიკური საფუძველი გააჩნია იმ ძალისხმევას, რასაც, სამწუხაროდ, ადვოკატებისა და გარემოცვის გარდა, ოჯახიც მიმართავს. სააკაშვილს მკურნალობის რესურსი აქვს, მაგრამ არ ჰყავს ადამიანები, ვინც მას ამისკენ მოუწოდებს. ექიმების გარდა, მისი მკურნალობით არავინ არის დაკავებული მის გარშემო, რათა მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.