გივი მიქანაძე: ოპოზიციას სხვა არაფერი დარჩა, თუ არა ის, რომ გააკეთოს აბსურდული და უსაფუძვლო პოლიტიკური განცხადებები, თითქოსდა, მმართველ გუნდს უნდა ცესკოს მიტაცება

“ცესკოსთან დაკავშირებული ცვლილებები კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაშია – ოპოზიციას სხვა არაფერი დარჩა, თუ არა ის, რომ გააკეთოს აბსურდული და უსაფუძვლო პოლიტიკური განცხადებები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტი მაქსიმალურად ღიაობასა და გამჭვირვალეობაზეა გათვლილი.

„ოპოზიციას სხვა არაფერი დარჩა, თუ არა ის, რომ გააკეთოს აბსურდული და უსაფუძვლო პოლიტიკური განცხადებები, თითქოსდა მმართველ გუნდს უნდა ცესკოს მიტაცება და ასეთ აბსურდში არიან გადართულნი. ვერ შემოდიან შინაარსობრივ კონტექსტში, რადგან ნახეს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი აბსოლუტურ თავსებადობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საინიციატივო ჯგუფმა მივიღეთ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად პროცესები ჩიხშია შესული, რადგან ვხედავთ, რომ ის აბსურდული კანონმდებლობა, რომელიც აწ უკვე ანულირებული შეთანხმებით იყო ნაკარნახევი და შეთანხმების ფორმატში მოხდა მისი მიღება, რომლითაც 2/3-ით უნდა მომხდარიყო თავმჯდომარის არჩევა და თუკი ვერ აირჩეოდა 6 თვით მტკიცდებოდა, იძლეოდა ერთადერთის საშუალებას და ეს იყო ის, რომ გარკვეული პერიოდი ცესკოს ფუნქციონირება განეხორციელებინა, თუმცა, შეუძლებელი იყო ამ პერიოდში თუნდაც, მოკლევადიანი გეგმები დაესახა. რეალურად, საკმაო პერიოდი ვიცადეთ და ვნახეთ, რომ ის საქმიანობა, რომელიც საკონკურსო კომისიასთან და ზოგადად კანდიდატების შერჩევასთან არის დაკავშირებული, საკანონმდებლო აბსურდულობიდან გამომდინარე შესულია ჩიხში.

ამიტომ, შევთავაზეთ კანონპროექტი, რომელიც მაქსიმალურად ღიაობაზე და გამჭვირვალეობაზეა გათვლილი. ასევე პასუხობს პირდაპირ 12-პუნქტიანი გეგმის მეორე პუნქტს, სადაც წერია, რომ სახელმწიფომ შეუწყოს ხელი სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ საქმიანობას, სწორედ გამართულად ვერ ფუნქციონირებს ცესკო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ გასულ წელს პარლამენტმა დაამტკიცა საკმაოდ დიდი პაკეტი ცვლილებების, როგორც საარჩევნო კოდექსში ასევე პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში. მთავარი არჩევნების წინ დარჩა წელიწად-ნახევარი, ამიტომ მნიშვნელოვანია, იყოს სრულფასოვნად ფუნქციონირებადი ცესკო. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი არსებული კანონმდებლობით ჩიხშია შესული, მივიღეთ გადაწყვეტილება წარმოგვედგინა ისეთი პროცესი, რომელიც კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაშია, პრეზიდენტის მონაწილეობას განამტკიცებს და განაპირობებს და არანაირი პრობლემა ამ კუთხით არ არის”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები