ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილთან დაკავშირებით წელიწადნახევრიანი ფეიკკამპანია დასრულდა
“ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა წელიწადნახევრიანი ფეიკკამპანია, რაშიც მილიონები აქვთ გადახდილი. სტრასბურგმა თქვა, რომ თვითდაზიანების გზას სამართლებრივი მხარდაჭერა ვერ ექნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისივე თქმით, სააკაშვილის საკითხი ყოველთვის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი იყო.
„მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს ორჯერ მიმართეს. პირველად, თითქოს არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, რაზეც ევროსასამართლომ სარჩელი არ მიიღო. ახლა მოთხოვნა იყო, როგორც გადაუდებელი ზომა, გადაყვანილი ყოფილიყო სამკურნალოდ პოლონეთში. ამაზეც სტრასბურგმა თქვა, რომ გადაყვანის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა წელიწადნახევრიანი ფეიკკამპანია, რაშიც მილიონები აქვთ გადახდილი, რომ სააკაშვილი მოწამლეს, აწამეს, საქართველოში ვერ მკურნალობენ და ასე შემდეგ. სტრასბურგმა ნათლად თქვა, რომ თვითდაზიანების გზას სამართლებრივი მხარდაჭერა ვერ ექნება, რადგან რასაც სააკაშვილი აკეთებს, ამის პრეცედენტი რომ იყოს დაშვებული, მსოფლიოში ეპიდემია იქნება, ყველა შიმშილს დაიწყებს და იტყვის, რომ მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. ამიტომ, სტრასბურგმა ეს ყველაფერი გამორიცხა. ეს საკითხი ყოველთვის იყო პოლიტიკური სპეკულაციის და საქართველოზე ზეწოლისთვის გამოყენებული, რაც ნათლად დადასტურდა. ალბათ, იმ რეზოლუციების მხარდამჭერებს, რომლებიც უაპელაციოდ აცხადებდნენ, რომ სააკაშვილი მოწამლეს, აწამეს, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსები თუ არიან, შესაბამისი განცხადებები უნდა გააკეთონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.