გიორგი მსხილაძე: პრეზიდენტი ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს გამოიყენებს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტზე
სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
„ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების წარდგენის პროცესიდან პრეზიდენტი მთლიანად ჩამოშორებულია, რადგან, მოქმედი წესით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იკრიბებოდა შესარჩევი კომისია. პრეზიდენტს ასეთი ათამდე კონკურსი აქვს ჩატარებული და არც ერთი კონკურსი არ ჩატარებულა დარღვევით. რაიმე საკანონმდებლო ხარვეზი თუ იყო, შეიძლებოდა, გამოსწორებულიყო, როგორც ეს გაკეთდა 2022 წლის 6 იანვარს, როცა ცვლილებები შევიდა „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში. პრეზიდენტმა მმართველი გუნდისთვის სასურველი კანდიდატურა არ წარმოადგინა და უმრავლესობა ამას პირდაპირ ამბობს. პრეზიდენტმა თავად თქვა, რომ ეს ცვლილებები ევროკავშირთან არ გვაახლოებს, პირიქით, გვაშორებს. არ შეიძლება, „საარჩევნო კოდექსი“ ერთი ხელით გააუმჯობესო და მეორე ხელით ისეთი რამ გააკეთო, რაც პროცესის ინკლუზიურობას შეუშლის ხელს. პრეზიდენტმა თქვა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.