ანა ნაცვლიშვილი: სტრასბურგის სასამართლოს სრულ ნდობას ვუცხადებ, არ მიმაჩნია, რომ ვინმე ჩაერია და რაიმე ტიპის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი

“სტრასბურგის სასამართლოს სრულ ნდობას ვუცხადებ, არ მიმაჩნია, რომ ვინმე ჩაერია და რაიმე ტიპის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი”, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა სააკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელოს“ მოსაზრებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა და ამ საკითხის დასრულება ცივილიზებულად, საქართველოში პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვისაა მნიშვნელოვანი.

„ეს ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგმა სამართლებრივი თვალსაზრისით ეს საკითხი ამ ეტაპისთვის შეაფასა. ჩვენი მოწოდება ხელისუფლების მიმართ იგივე რჩება. მათ ამ საკითხს უნდა შეხედონ არა მხოლოდ სამართლებრივი პერსპექტივიდან. არამედ პოლიტიკური პერსპექტივიდან. ხელისუფლება ნიშნავს იმას, რომ ის პოლიტიკური მიზანშეწონილობით და საჭიროებით იღებს გადაწყვეტილებებს და არა მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით. სტრასბურგის სასამართლოს მანდატი არ არის და ის ვერ იმსჯელებდა რა არის სწორი პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით. „ლელოს“ მოსაზრება არის ის, რომ მათ შორის დეპოლარიზაციისთვის, რომელიც 12 პუნქტიდან ერთ-ერთი მთავარი საკითხია, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა და ამ საკითხის დასრულება ცივილიზებულად, ეს არის დღეს მნიშვნელოვანი საქართველოში პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ეს პოზიცია, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი და პოლიტიკური ძალა იზიარებს, სწორია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები