პარლამენტში ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვა იწყება

პარლამენტი ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვას იწყებს.
“ქართული ოცნების” დეპუტატების ინიციატივით, “საარჩევნო კოდექსსა” და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს, 15 მაისის სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.
კანონის პროექტების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს. ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს კი პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.
უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაში გათვალისწინებულია საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის ყოფნა. ამავე პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას ეყრება.

კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან.

ინიციატორთა განმარტებით, ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის დღეს მოქმედი წესის ანალოგიური სამართლებრივი პრაქტიკა არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები