ირაკლი კობახიძე – სასამართლო რეფორმაზე: ჩვენ პირნათლად ვასრულებთ 12 პუნქტს – ზედმიწევნით გავყვებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და კანონპროექტის საბოლოო რედაქცია მსჯელობის საფუძველზე ჩამოყალიბდება
“წარმოდგენილია სასამართლო რეფორმასთან, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ჩვენ გულდასმით გავეცანით ამ რეკომენდაციებს”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სასამართლო რეფორმაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით გადაისინჯება პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი და რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩამოყალიბდება საბოლოო რედაქცია.
„ჩვენ პირნათლად ვასრულებთ 12 პუნქტს. ზედმიწევნით გავყვებით იმ რეკომენდაციებს, რომლებიც არის წარმოდგენილი. შესაბამისად, გადაისინჯება ის დოკუმენტი, რომელიც ინიცირებულია და სწორედ ამ მსჯელობის საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოო რედაქცია, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. სასამართლოს ნაწილშიც 12-დან ერთ-ერთი პუნქტი იქნება სათანადოდ შესრულებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.