სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილე: თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები დასანქცირდნენ

თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები დასანქცირდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა არ არის დრო, რომ რომელიმე ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობა გააუმჯობესოს.

„მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, უკრძალავს რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევშფოთდებით იმით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც მოქმედებს იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი. მთელი დასავლური საზოგადოება დისტანცირდა რუსული რეჟიმისგან და ახლა არც ერთი ქვეყნისთვის არ არის იმის დრო, რომ გაზარდოს საქმიანობა რუსეთთან. ქართველი ხალხი ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს 20 პროცენტით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენისა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილების ხილვას“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები