“ეშმაკთან გარიგება” – უკრაინის საგარეო უწყება საქართველოსთან დაკავშირებით პუტინის გადაწყვეტილებებზე განცხადებას ავრცელებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ საქართველოსთან მიმართებით რუსეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება ერთგვარი მადლიერების ჟესტია იმის გამო, რომ რესპუბლიკა არ შეუერთდა კრემლის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს და ევროკავშირში სვლა შეანელა.
უწყების სახელით კომენტარი ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ გაავრცელა.
„ვლადიმერ პუტინის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიამიმოსვლის აღდგენას განვიხილავთ, როგორც პოლიტიკურ კომპენსაციას საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების უარზე, შეერთებოდა დასავლეთის სანქციებს, ასევე, ევროპული ინტეგრაციის შენელებისთვის. რუსეთი საქართველოს სთავაზობს ეშმაკთან გარიგებას. ეშმაკთან გარიგებაში, მოგეხსენებათ, ეშმაკი იმარჯვებს“, – განაცხადა მან.
ნიკოლენკომ გაიხსენა, რომ “ნორმალიზაციისკენ” ეს კურსი მიდის მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, განაგრძობს მცოცავ “ბორდერიზაციას” და სადემარკაციო ხაზის გასწვრივ ადამიანების გატაცებებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი, ადამიანის უფლებების დარღვევას.
„კრემლი იღებს დათმობებს ისე, რომ პასუხს არ აგებს ქართველი ხალხის ტანჯვისთვის. 2008 წელს რუსული თვითმფრინავები უკვე დაფრინავდნენ საქართველოში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად. ახლა კი, ისინი ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას გეგმავენ. რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში წინსვლაში, მისი კეთილდღეობითა და განვითარებით. მოსკოვის მიზანია – შექმნას პირობები, რომლებშიც პროგრესი შეუძლებელი იქნება. ეს დადასტურდა ბელარუსის გამოცდილებით, რომლის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციამ შთანთქა“, – განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არ უჭერს მხარს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას და არაერთხელ გამოთქვა თავისი პოზიცია, განსაკუთრებით, საპროტესტო აქციებში.
„ჩვენ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართველებს მათ ლეგიტიმურ მისწრაფებაში, ააშენონ აყვავებული ევროპული სახელმწიფო მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რუსეთის მიმართ თავისი პოლიტიკის სინქრონიზაცია ევროკავშირის პოლიტიკასთან მოახდინოს. ასევე, თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც უარყოფს საქართველოს შემდგომ ევროპულ მოძრაობას“, – ნათქვამია განცხადებაში.