მაკა ბოჭორიშვილი: მოვისმინეთ მხარდამჭერი პოზიციები, რომ იტალია დაეხმარება საქართველოს იმ რეკომენდაციების შესრულების პროცესში, რაც დაკავშირებული იქნება ევროკავშირში ინტეგრაციასთან
მოვისმინეთ მხარდამჭერი პოზიციები, რომ იტალია დაეხმარება საქართველოს იმ რეკომენდაციების შესრულების პროცესში, რაც დაკავშირებული იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან,– ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დეტალურად განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და საქართველოს მოლოდინები. ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა და იტალიის პოზიცია. ჩვენი იტალიელი პარტნიორებისგან საინტერესო პოზიციები მოვისმინეთ, თუ როგორ ხედავენ ევროკავშირის მომავალს, პოლიტიკის ჩამოყალიბებას და ამ კონტექსტში საქართველოსთან ურთიერთობებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება მომავალ კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით. ეს პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად იმაზე გათვლილი, თუ რა სჭირდება ევროპას და ჩვენს რეგიონს ერთად. ჩვენ მოვისმინეთ მხარდამჭერი პოზიციები, რომ იტალიის მხარე დაეხმარება საქართველოს იმ რეკომენდაციების შესრულების პროცესში, რაც დაკავშირებული იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.