ირაკლი კობახიძე: “ქართული ოცნების” რეიტინგი გაზრდილია – ქვეყანაში არის მშვიდობა, წელს გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რა თქმა უნდა, ეს იწვევს რეიტინგის ზრდას
“GORBI-ს შედეგებს შევადარებდი წინა არჩევნებს – ჩვენ ავიღეთ 47% და ამასთან შედარებით არის გაზრდილი „ქართული ოცნების“ რეიტინგი, რაც ვფიქრობ, პირდაპირ ემთხვევა იმ განწყობას, რაც ერთი შეხედვითაც ჩანს საზოგადოებაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობის” რეიტინგი იკლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ პარტია სწრაფი ტემპით სუსტდება.
„რა თქმა უნდა, ქართულის საზოგადოება აფასებს იმ მდგომარეობას, რომელიც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანაში არის მშვიდობა, 2 წელი იყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელს გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა, ეს იწვევს რეიტინგის ზრდას. რაც შეეხება ნაცმოძრაობას, კეზერაშვილის, ხაბეიშვილისა და მერაბიშვილის ლიდერობის ფონზე, 19%-იც ბევრია, მაგრამ თავისთავად ის, რომ 31%-დან “ნაცმოძრაობის” რეიტინგი შემცირდა 19%-მდე, მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან სწრაფი ტემპით ხდება ამ პარტიის დასუსტება, რაც ძალიან კარგია. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ქართულ პოლიტიკაში მოვიდნენ ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. მთავარია ეს პროცენტები არ გადანაწილდეს კოლექტიურ “ნაცმოძრაობაზე”“, – განაცხადა კობახიძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევით ირკვევა, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი წინა კვლევასთან შედარებით გაზრდილია.