ალუდა ღუდუშაური: პუტინის ზრახვებზე ვერაფერს გეტყვით, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის არის პრიორიტეტი

“პუტინის ზრახვებზე ვერაფერს გეტყვით, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის არის პრიორიტეტი”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

ღუდუშაურის თქმით, ის ფრენებით სარგებლობას არ აპირებს.

„ნამდვილად ვერ გეტყვით პუტინის გადაწყვეტილების დროსა და მის ზრახვებთან დაკავშირებით, ერთი არის ფაქტი – ჩვენი ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის არის პრიორიტეტი. რაც შეეხება ოპოზიციას და მის აჟიოტაჟს, რომ გადაწყვეტილება რაც მიიღო, რუსეთის ფედერაციამ და პირადად ვლადიმერ პუტინმა, ეს უნდა ჰკითხოთ ოპოზიციას, რა პრიზმიდან უყურებენ ამას. მე თუ მეკითხებით, არც წასვლას ვაპირებ, არც ამ ფრენებით სარგებლობას, ვისაც ეს ეხება, მათი გადასაწყვეტია. მაგრამ ერთი არის მნიშვნელოვანი და ფაქტია, რომ რაც სანქციის სახით ჰქონდა დადებული საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მათი მხრიდან იყო ეს დადებული ცალმხრივად და ახლა არის მოხსნილი, შესაბამისად, გაუგებარია, ახლა რა შეუძლია საქართველოს? საქართველოს მოქალაქეებს დაადოს სანქცია და აუკრძალოს თუ ვინმეს სურვილი აქვს, ისარგებლოს ამ შეზღუდვის არქონით? ეთნიკურად ჩვენი თანამემამულეები, ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებული იყო რუსეთის ფედერაციასთან, ალბათ აქამდეც ახერხებდნენ [მიმოსვლას], რაღაც დოზით გაუადვილდებათ ამ ადამიანებს მიმოსვლა, ვინც ამას მესამე ქვეყნის გავლით ახერხებდა, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია ადამიანი, რომელმაც გაიგო რომ თურმე ვიზა არ სჭირდება, ადგეს და ახლა მოინახულოს რუსეთის რომელიმე ოლქი და ტურისტულად იმოგზაუროს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები