“საქართველოს პრეზიდენტი, სავარაუდოდ, უფრო მეტად უსმენს ევროპელ კოლეგებს და ამერიკას” – რუსი დეპუტატი

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, სვეტლანა ჟუროვამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებამ და ავიამიმოსვლის აღდგენამ, სახელმწიფოს შტოებს შორის განსხვავებული რეაქცია გამოიწვია, რაც, მისი აზრით, რუსეთის მიმართ დამოკიდებულებით არის გამოწვეული.

კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების კომენტირებისას, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან გადადგმული მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი და არის მიუღებელი. პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ხელისუფლებას შეკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განიხილოს რუსეთის მოქალაქეებისთვის 3-თვიანი სავიზო რეჟიმის დაწესება, “რომელიც საჭიროა ჩვენთვის შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე. მეტი კონტროლი არის სახელმწიფოდან საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში, რომლებიც რჩებიან ქვეყანაში და აუცილებელია რაღაც ზომები იყოს მიღებული, რათა ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ ცივილიზებულ ჩარჩოებში”.

თავის მხრივ, პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რათა არ გამწვავდეს ურთიერთობები. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს მოსკოვის გადაწყვეტილებაზე.

ჟუროვა ამბობს, რომ „საქართველოში ძალიან საინტერესო მოვლენებია. ერთი მხრივ, პარლამენტი ამბობს, რომ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ეს გააუარესებს ისედაც რთულ ურთიერთობებს. მაგრამ ამავდროულად, სიტუაცია სავიზო რეჟიმისა და პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა – საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება, პარლამენტი მიესალმება და პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს ჩვენი მხრიდან პროვოკაციაა. სავარაუდოდ, ის უფრო მეტად უსმენს ევროპელ კოლეგებს და ამერიკას. ანუ, აქ არის დიდი უთანხმოება. პრეზიდენტი ამბობს: მე ამის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ პარლამენტი სხვა პოზიციას იკავებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოდის იქიდან, რომ რუსეთში საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს და სავიზო რეჟიმის გაუქმება, მათ ცხოვრებას გაუადვილებს, ისევე როგორც პირდაპირი ფრენები, რასაც ისინი, უდავოდ, ელოდნენ“, – განაცხადა ჟუროვამ.

მან არ გამორიცხა, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების კიდევ ერთი შედეგი იყოს ის, რომ ზაფხულის სეზონზე, რუსეთიდან საქართველოში ტურისტების ნაკადი გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები