არჩილ თალაკვაძე: ვერცერთი უსამართლო განცხადება ვერ მიაყენებს ჩრდილს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე დავით არახამია
ბატონი არახამიას უსამართლო განცხადებები, რომელიც რეალურად საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევაა, ვერ შეცვლის ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას, ვერ შეცვლის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, რაც შეუძლია. ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა და ეს არის ვიზიტი, რომელიც ჩვენ გვქონდა; საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელიც კიევში ჩავიდა ჩვენი კოლეგის, ბატონი სტეფანჩუკის მოწოდების შემდეგ. აღარ მინდა, ვისაუბრო ჰუმანიტარულ დახმარებაზე. საქართველომ ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე დაუჭირა მხარი უკრაინას, მათ შორის, რეზოლუციებს, საერთაშორისო გამოძიების დაწყებას ჰააგაში და რუსეთის გარიცხვას ევროპის საბჭოდან. შესაბამისად, საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რაც შეუძლია და არაერთი საერთაშორისო პარტნიორის განცხადება იყო ამაზე, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია. რატომღაც ამ ოპოზიციას და მათ მიერ მართულ ტელევიზიებს ეს განცხადებები უყურადღებოდ რჩებათ, სამაგიეროდ, ძალიან ინტერესდებიან იმ განცხადებებით, რომლებიც საქართველოს მიმართ უსამართლოდ და უსაფუძვლოდ არის გამოთქმული. რაც შეეხება ბატონ არახამიას, მისი უსამართლო განცხადებები, რომელიც რეალურად საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევაა, ვერ შეცვლის ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას და ვერ შეცვლის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ვერცერთი უსამართლო განცხადება ვერ მიაყენებს ჩრდილს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე დავით არახამია.
„ჩვენ არ ვაპირებთ ახლა ამ საკითხის გარჩევას. ახლა მნიშვნელოვანია უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ გვსურს, ეს მეგობრობა გაგრძელდეს და, რა თქმა უნდა, ვერცერთი უსამართლო განცხადება ვერ მიაყენებს ჩრდილს ჩვენს ურთიერთობებს, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე დავით არახამია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.