„უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს“ – არჩილ თალაკვაძე ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრთა კანდიდატების არჩევის ახალ ინიციატივაზე

“თუ პრეზიდენტის მიერ ვეტო დადებული იქნება იმაზე, რომ საქართველოს კვალიფიციური, კომპეტენტური და პროფესიონალური საარჩევნო ადმინისტრაცია ჰყავდეს, თუ ვეტო დადებული იქნება იმაზე, რომ ამ საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული სისტემის წარმატებით დანერგვა შეძლო, რა თქმა უნდა, უმრავლესობა ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

“მით უფრო, რომ წინ საპარლამენტო არჩევნები გვაქვს და რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ისეთ კანონმდებლობას მივიღებთ, რომელიც ქვეყნის ეროვნულ და დემოკრატიულ ინტერესებთან იქნება შესაბამისობაში და რომლის მსგავსი დანერგია ევროკავშირის მასშტაბით. თუ ვეტო ამაზე იქნება დადებული, ჩვენ ვიმსჯელებთ და ვეტოს დაძლევის თაობაზე შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. პირადად მე არ ვთვლი, რომ ვენეციის კომისიაში სჭირდება გაგზავნა იმას, რაც მთელს ევროპაშია დანერგილი და ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში მუშაობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.
ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები